X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მზია გიორგობიანმა პოლონურ-ქართული საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

18 ოქტომბერი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა კახეთში, ქალაქ თელავში, მიმდინარე პოლონურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი გახსნეს და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

ფორუმის ფარგლებში კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების, ასევე, ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების საინვესტიციო შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.

პოლონურ - ქართული საინვესტიციო ფორუმი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა - "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" მხარდაჭერით იმართება.

ფორუმის მიზანია თითოეული რეგიონის უნიკალური ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გათვალისწინებით საქართველოს მუნიციპალიტეტებში საინვესტიციო გარემოს შექმნა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი მხარესა თუ მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალი და კონკრეტული შეთავაზებები, გაეცნონ ინვესტორთა მოლოდინებს და ხელი შეუწყონ ქართველ და პოლონელ მეწარმეებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას.

ფორუმი ტარდება საქართველოს და პოლონეთის ერთობლივი პროექტის "საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მეწარმეობის განვითარება" ფარგლებში. პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარება ინვესტორებთან კომუნიკაციის, ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის და ინვესტიციების მოზიდვის საშუალებით.